რა არის წინაგულთა ფიბრილაცია?

წინაგულთა ფიბრილაცია წარმოადგენს გულის არარეგულარულ რიტმს, რომელიც გულის ზედა საკნებში (წინაგულებში) ვითარდება. წფ-ის დროს, წინაგულები, ნორმალური შეკუმშვის ნაცვლად, თრთიან. წფ-ს ასევე შეუძლია სწრაფი  გულისცემა გამოიწვიოს, როდესაც წინაგულები წუთში 300 ან მეტ დარტყმას ასრულებს, ხოლო ქვედა საკნები (პარკუჭები) — წუთში 150-მდე ან მეტ დარტყმას.

 

წინაგულთა ფიბრილაციის მკურნალობის მნიშვნელობა

წინაგულთა ფიბრილაციის დროს წინაგულები ქაოტურად ირხევა და წინაგულებიდან სისხლი სრულყოფილად ვერ გაიდევნება. ამის გამო იზრდება სისხლის დაგუბების და თრომბის წარმოქმნის ალბათობა.ეს თრომბი შესაძლოა გახდეს ნსულტის განვითარების მიზეზი. შესაბამისად წფ- მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას შეუძლია მკვეთრად გააუარესოს თქვენი ცხოვრების ხარისხი ან/და გამოიწვიოს ინსულტი. იმ პირებში, რომლებსაც წფ აღენიშნებათ, თრომბის წარმოქმნისა და ინსულტის განვითარების ალბათობა ხუთჯერ მეტია. წინაგულთა ფიბრილაცია, ასევე, დაკავშირებულია დაღლილობასთან და გულის უკმარისობასთან. წინაგულთა ფიბრილაციით გამოწვეულმა ხშირმა და არარეგულარულმა გულისცემამ შეიძლება დროთა განმავლობაში გულის გადიდება და დასუსტება გამოიწვიოს. მდგომარეობას, როდესაც გადიდებული და დასუსტებული გული სისხლს ორგანიზმის ყველა უბანს ეფექტურად ვერ აწვდის, გულის უკმარისობა ეწოდება. საბედნიეროდ, წფ-ის მეთვალყურეობით და მკურნალობით შესაძლებელია ამ რისკების მნიშვნელოვნად შემცირება. პაციენტებსა და ექიმებს ერთობლივი მუშაობით შეუძლიათ აირჩიონ შესაფერისი კურსი წინაგულთა ფიბრილაციის სამკურნალოდ.

 

რატომ ვითარდება წინაგულთა ფიბრილაცია?

წინაგულის ფიბრილაცია, როგორც წესი, უკავშირდება გულის სტრუქტურულ დაავადებას, მაგრამ ასევე, შეიძლება დაკავშირებული იყოს დიაბეტთან, გულის უკმარისობასთან, სიმსუქნესთან, კორონარული არტერიების დაავადებასთან, სისხლის მომატებულ წნევასთან, დაბერებასთან და შესაძლებელია აღინიშნებოდეს გენეტიკური წინასწარგანწყობა.

 

როგორ მივხვდე,რომ შესაძლოა წინაგულის ფიბრილაცია მქონდეს?

ზოგ ადამიანს წინაგულთა ფიბრილაციის შემდეგი სიმპტომები აღენიშნება:

  • გულის აჩქარების შეგრძნება
  • დაღლილობა, ჰაერის უკმარისობა ან სისუსტე
  • გულის ფრიალის შეგრძნება, რომელიც შეიძლება
  • მოიცავდეს არარეგულარულ, დარტყმით ან
  • გაძლიერებულ გულისცემას
  • დისკომფორტი ან ტკივილი გულმკერდის არეში
  • გულის წასვლა ან თავბრუსხვევა

ზოგ ადამიანს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება და ექიმთან ვიზიტისას იგებს, რომ წფ აქვს. სიმპტომების გარეშეც კი, წინაგულთა ფიბრილაცია სერიოზული პათოლოგიაა.


თუ ზემოაღნიშნული სიმპტომები გაქვთ, დანიშნეთ
ვიზიტი თქვენს ექიმთან. ექიმი დაგეხმარებათ გაარკვიოთ, ეს სიმპტომები წინაგულთა ფიბრილაციას უკავშირდება თუ ჯანმრთელობის სხვა პრობლემას.

 

არსებობს წინაგულის ფიბრილაციის სხვადასხვა ტიპები

წინაგულის ფიბრილაციის ოთხი ძირითადი ტიპი არსებობს:


პაროქსიზმული წინაგულის ფიბრილაცია

პაროქსიზმული წფ გულისხმობს წფ-ს, რომელიც შეიძლება შვიდ დღემდე გრძელდებოდეს. პაროქსიზმული წფ შეიძლება გაგრძელდეს წამები, წუთები, საათები და სპონტანურად დასრულდეს ან კარდიოვერსია (გარკვეული ტიპის ელექტროშოკი) დასჭირდეს ნორმალური რიტმის დასაბრუნებლად. როდესაც გულში წფ იწყება და მთავრდება, გულისცემის სიხშირე შეიძლება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში შეიცვალოს ნელიდან ჩქარით და პირიქით, რაც ხშირად დამატებით სიმპტომებს იწვევს.


პერსისტული წინაგულის ფიბრილაცია

პერსისტული წინაგულის ფიბრილაცია შვიდ დღეზე მეტ ხანს გრძელდება. პერსისტული წინაგულის ფიბრილაცია მოიცავს ისეთ ეპიზოდებს, რომლებიც გულის ნორმალური რიტმის დასაბრუნებლად კარდიოვერსიას (ელექტრულს თუ მედიკამენტურს) საჭიროებს შვიდი დღის გასვლის შემდეგ. ხანგრძლივად პერსისტული წფ ეს არის ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარე წინაგულის ფიბრილაცია.


პერმანენტული
წინაგულის ფიბრილაცია

პერმანენტულ წინაგულის ფიბრილაციას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც წფ-ის განკურნება ვერ ხერხდება და პაციენტი და ექიმი თანხმდებიან, არ მიმართონ რიტმის კონტროლის სტრატეგიას.