რა არის კრიობლაცია
კათეტერული აბლაცია მინი ინვაზიური პროცედურაა. ამ პროცედურის დროს, კეთდება ადგილობრივი ანესთეზია ბარძაყის ან/და ლავიწქვეშა მიდამოში და შესაბამის ვენაში დგება რამდენიმე კათეტერი (პლასტმასის დრეკადი პატარა მილი). აღნიშნული კათეტერების მეშვეობით ხდება გულში სადიაგნოსტიკო და სააბლაციო ელექტროდების შეტანა. ელექტროდების გადაადგილება პაციენტისთვის უმტკივნეულოა და ხორციელდება რენტგენოსკოპიის კონტროლით. ელექტროდები თავსდება გულში სათანადო ადგილებში, მათი მეშვეობით ხდება სათანადო ელექტრული იმპულსების გამოყენებით არითმიის ხელოვნური გამოწვევა და ინფორმაციის ჩაწერა. ზუსტი დიაგნოზის და არითმიის მექანიზმის დადგენის შემდეგ იწყება კათეტერული აბლაცია.

კრიოაბლაციის დროს, სპეციალური კათეტერის საშუალებით ხდება არითმიის კერის (უჯრედების ჯგუფის, დამატებითი გზის) დაზიანება (მოყინვა).

კრიოაბლაციის (მთლიანი პროცედურის) ხანგრძლივობა დაახლოებით 1-3 საათია, ეს დამოკიდებულია არითმიის მექანიზმზე და არითმიის კერის მდებარეობაზე. პროცედურის შემდეგ ხდება ელექტროდების და კათეტერების ამოღება და ნაჩხვლეტი მიდამოს შეხვევა.  აბლაციის შემდეგ პაციენტი კლინიკაში რჩება 24 სთ-ის განმავლობაში.

კრიოაბლაციის ჩვენებები

•    სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდია
•    ატრიოვენტრიკულური ნოდალური რეციპროკული ტაქიკარდია (AVNRT)
•    დამატებითი გამტარი გზა (ფარული დამატებითი გამტარი გზა, WPW)
•    ექსტრასისტოლური არითმია, რომლის კერაც გულის გამტარ სისტემასთან ახლოს მდებარეობს
•    პაროქსიზმულ-რეკურენტული წინაგულთა ფიბრილაცია (მოციმციმე არითმია)



რა რისკები ახლავს კრიოაბლაციას

კრიოაბლაცია როგორც წესი, საკმაოდ უსაფრთხო პროცედურაა, თუმცა როგორც ყველა ინვაზიურ ჩარევას, მასაც შეიძლება მოჰყვეს გართულებები, მათ შორის სიცოცხლისათვის საშიშიც. ეს გართულებები განვითარების სიხშირის მიხედვით შემდეგია:

•    შეიძლება განვითარდეს ჰემატომა ან არტერიულ-ვენური ფისტულა სისხლძარღვის პუნქციის არეში - 1%
•    თრომბის წარმოქმნა გულში, რამაც შეიძლება ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, ან ინსულტი გამოიწვიოს - 0.2%
•    თრომბის წარმოქმნა ფეხის ღრმა ვენებში, რაც ქმნის ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის საშიშროებას - 0.2%
•    დიაფრაგმის ნერვის პარეზი - 2-4%, აღნიშნული გართულება უხშირესად გარდამავალია და დროთა განმავლობაში ქრება.
•    გულის პერფორაცია (გახვრეტა) და პერიკარდიუმის ტამპონადა (სისხლის ჩადგომა გულის ”პერანგში”). ეს შეიძლება იყოს როგორც უმნიშვნელო, ისე სიცოცხლისათვის საშიშიც და საჭირო გახდეს სასწრაფო პერიკარდიოცენტეზი(ჩაღვრილი სისხლის ჩხვლეტით გამოღება), ან კარდიოქირურგიული ოპერაცია - 0.1%
•    გულის სრული ბლოკადა, რის შემდეგაც საჭირო გახდება მუდმივი პეისმეკერის იმპლანტაცია <0.1%
•    სიკვდილის რისკი შეადგენს დაახლოებით 0.02- 0.03%. ანუ 400-500 აბლაციიდან დაახლოებით 1 შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ფატალური გართულება
•    ზემოთაღნიშნული რისკების პროცენტული მაჩვენებელი შეიძლება შეიცვალოს პაციენტის ზოგადი მდგომარეობის, გულის დაავადების, ასაკის შესაბამისად. უფრო ზუსტ ინფორმაციას კონრეტულად თქვენთან დაკავშირებული რისკის შესახებ, თქვენი ექიმი მოგაწვდით.

კრიოაბლაციის მნიშვნელობა

ელექტროფიზიოლოგიური კვლევის და კათეტერული აბლაციის საშუალებით შესაძლებელია:

•    არითმიის დიაგნოსტიკა და მისი მექანიზმის გარკვევა
•    არითმიის კერის (უჯრედების ჯგუფის, დამატებითი გამტარი გზის) მოშორება და ამ არითმიისგან პაციენტის საბოლოო განკურნება
კრიო აბლაცია არითმიებისგან განკურნების ერთ-ერთი უსაფრთხო და ეფექტური მეთოდია. მისი მეშვეობით შეიძლება როგორც სუპრავენტრიკულური არითმიების, ისე ზოგიერთი პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის და მოციმციმე არითმიის მკურნალობა.

რა უპირატესობა აქვს არითმიების კრიოაბლაციას?

ზოგჯერ არითმიის კერა, ან დამატებითი გამტარი გზა შეიძლება მდებარეობდეს გულის ელექტრულ სისტემასთან (ატრიოვენტრიკულური კვანძი, ჰისის კონა) ძალიან ახლოს. ამ ზონაში სტანდარტული რადიოსიხშირული აბლაციის გამოყენება სახიფათოა და შეიძლება დამთავრდეს გულის გამტარი სისტემის დაზიანებით (ბლოკადით). ასეთ დაზიანებას მოყვება გულისცემის მკვეთრი შენელება და საჭირო ხდება ხელოვნური პეისმეიკერის (პეისმეიკერის) ჩანერგვა. კრიოაბლაციის შემთხვევაში ეს რისკი პრაქტიკულად ნულთან ახლოსაა. კრიოაბლაციის დროს არითმიის კერის დადგენის შემდეგ ხდება ამ ზონის ნაწილობრივ გაციება (კრიო მეპინგი) და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ექიმი დარწმუნდება, რომ ამ მიდამოში მოყინვა უსაფრთხოა, მოხდება არითმიის კერის სრულიყოფილი გაყინვა. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში, რადიოსიხშირულ აბლაციასთან შედარებით, კრიო აბლაცია უფრო უსაფრთხოა.  კრიოაბლაციის დროს დაბალია სისხლის კოლტის წარმოქმნის და შესაბამისად ემბოლიზმის ალბათობა. რადიოსიხშირესთან შედარებით კრიო ენერგიით გულის კედლის დაზიანება და ტამპონადა უფრო იშვიათად ვითარდება. კრიო აბლაციის დროს კათეტერი „ეწებება“ გულის ქსოვილს. კათეტერის და გულის ქსოვილის კონტაქტი სტაბილურია. კონკრეტულ შემთხვევებში ასეთი სტაბილურობა შესაძლოა კრიტიკული იყოს ეფექტური აბლაციის ჩასატარებლად. ასეთი „მიწებების“ უნარი რადიოსიხშირულ კათეტერებს არ გააჩნიათ.

მთლიანობაში, არითმიების კრიოაბლაცია მსოფლიოში კარგად ცნობილი, ეფექტური და ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მეთოდია.