უნიკალური ოპერაციების შედეგად უკვე 100-ზე მეტი პაციენტი განაგრძობს ცხოვრებას #ჯანმრთელიგულით
პირველი კრიოაბლაცია - წინაგულების ფიბრილაციის უნიკალური სამკურნალო პროცედურა, საქართველოსა და ამიერკავკასიაში 2016 წლის დეკემბერში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში (არითმიების მართვის ცენტრ „რიტმარტში“) ჩატარდა. პროცედურა ევროპის გულის რიტმის ასოციაციის მიერ სრულად სერტიფიცირებულმა ქართველმა ექიმმა, ზვიად მათოშვილმა ჩაატარა. ის პირველი და ერთადერთი ექიმია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, რომელიც ევროპის გულის რიტმის ასოციაციის ზეპრესტიჟულ, ყველა (ოთხივე) სერტიფიკატს ფლობს. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში ყველაზე მეტი, დაახლოებით 100-ზე მეტი კრიოაბლაციის პროცედურა ჩატარდა. პაციენტების უმრავლესობა კი დღეს აქტიურ ცხოვრებას ეწევა და მათ ფაქტობრივად უკვე დაძლეს მოციმციმე არითმიასთან დაკავშირებული პრობლემებიც.
ზოგადად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და მათ შორის მოციმციმე არითმია, (წინაგულთა ფიბრილაცია) საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში კი ის დაახლოებით 40 000 ადამიანს აწუხებს. ბოლო სტატისტიკით, პაციენტების 70%-ზე მეტს, რომლებსაც კრიოაბლაცია ჩაუტარდათ მოციმციმე არითმია აღარ აღენიშნებათ, რაც საუკეთესო ევროპული ცენტრების მაჩვენებელს უტოლდება. კრიოაბლაცია გარდა იმისა, რომ გამოჯანმრთელების მაღალ საშუალებას აძლევს პაციენტს, ასევე ხაჯთეფექტურიცაა. წარმატებული პროცედურის შემდეგ პაციენტის შრომის უნარის შეზღუდვისა და სიკვდილიანობის ალბათობა მნიშვნელოვნად უმცირდება. ეკონომიკური თვალსაზრისითაც, კრიოაბლაციის პროცედურა ამცირებს შემდგომ რისკებს, რაც შემდგომი გართულებების ხარჯებსაც გამორიცხავს. აღსანიშნავია ისიც, რომ კრიოაბლაციის პროცედურის ხარჯების უდიდეს ნაწილს საქართველოს პენსიონერი მოქალაქეებისთვის, სახელმწიფო (საყოველთაო) დაზღვევა აფინანსებს.
კრიოაბლაციის დანერგვამდე ქართველი პაციენტებისთვის ამ სამედიცინო სერვისის საქართველოში მიღება ხელმისაწვდომი არ იყო. მხოლოდ ბოლო წელიწადნახევარია, რაც მათ საშუალება აქვთ მიიღონ ეს უნიკალური და ინოვაციური სამედიცინო მომსახურება, რომელიც დღეს 60-ზე მეტ ქვეყანაშია დანერგილი და რომლის წყალობითაც სიკვდილიანობის ის მაჩვენებელი შემცირდა, რაც მოციმციმე არითმიის გართულებად მიიჩნევა. არითმოლოგი ზვიად მათოშვილი ამბობს, რომ მოციმციმე არითმია დამოუკიდებლად ზრდის საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებელს, როგორც ქალბატონებში, ასევე მამაკაცებშიც. „სწორედ ამიტომ, პაციენტის მდგომარეობის სწორი შეფასება და საჭიროებისამებრ აბლაციის დროული დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანია“ - აცხადებს მათოშვილი.
თავად პროცედურაც საკმაოდ მარტივია და ზოგადი ანესთეზიის გარეშე ტარდება. იგი ბარძაყის ვენიდან (ან ვენებიდან) კეთდება. აღნიშნული ვენიდან შეყვანილი სპეციალური კრიობალონით გულში არითმიის გამომწვევი უბნების გაყინვა ხდება. პროცედურის საშუალო ხანგრძლივობა კი დაახლოებით 2 საათია. აბლაციის შემდეგ პაციენტი 24 საათის განმავლობაში კლინიკაში რჩება და მას საავადმყოფოდან სახლში გაწერა უკვე მეორე დღესვე შეუძლია. პაციენტი ხშირ შემთხვევებში 7-დან 10 დღემდე პერიოდში უკვე სრულიად რეაბილიტირებულია და ცხოვრებას ამ დროის შემდეგ გამოჯანმრთელებული, ჯანმრთელი გულით აგრძელებს.
მოციმციმე არითმიის აბლაციის ყველაზე გავრცელებული მეთოდებია რადიოსიხშირული აბლაცია 3D ნავიგაციის სისტემით და კრიოაბლაცია. როგორც ზვიად მათოშვილი ამბობს, ამ ორი სახის აბლაციის ეფექტურობა დაახლოებით თანაბარია და ითვლება, რომ კრიოაბლაციის უპირატესობა პროცედურის ხანგრძლივობა (დროის სიმცირე) და შედარებით ნაკლები გართულებაა. ის გვეუბნება, რომ მხოლოდ პრეპარატებით პროგნოზის გაუმჯობესება რა თქმა უნდა ვერ ხერხდება, წარმატებული კრიოაბლაციით კი შესაძლებელია სიკვდილიანობის შემცირება.
საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი არითმოლოგის, ზვიად მათოშვილის პაციენტები უმეტესად საქართველოს მოქალაქეები არიან, თუმცა ხშირია მეზობელი ქვეყნებიდან სწორედ ამ მიზეზით საქართველოში ვიზიტებიც. წარმატებული ექიმის თქმით, არსებობს გარკვეული პერსპექტივები, რომ საქართველო რეგიონში გადაიქცეს ერთგვარ სამედიცინო ჰაბად კრიოაბლაციის მიმართულებით. ამ ეტაპზე სომხეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით ბევრად მეტი აბლაცია ჩვენს ქვეყანაში ტარდება. საქართველოში პაციენტები როგორც ამ ქვეყნებიდან, ასევე ერაყიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოდიან.
ზვიად მათოშვილი 2009 წლიდან დღემდე რესპუბლიკური საავადმყოფოს არითმიების განყოფილების ხელმძღვანელია. იტალიის ქალაქ მილანში 2015 წელს მას ევროპის გულის რიტმის ასოციაციის გრანტი მიენიჭა. 2015 წლიდან მან მიიღო მედიცინის აკადემიური დოქტორის წოდება. 2015-2016 წლებში ის სწავლობდა და მუშაობდა სტოკჰოლმში, სკანდინავიის უდიდეს საუნივრისტეტო კლინიკა „კაროლინსკაში“. 2016 წელს საფრანგეთში (ნიცაში) მან წარმატებით ჩააბარა ევროპის გულის რიტმის ასოციაციის მიერ ორგანიზებული გამოცდები. 2017 წლიდან ფლობს ყველა (ოთხივე) ევროპულ სერტიფიკატს.