კრიოაბლაციამ მოციმციმე არითმიის მკურნალობა უფრო მარტივი გახადა - ექიმი კარდიოლოგი გიორგი პაპიაშვილი
გულის ყველაზე გავრცელებულ არითმიასთან - წინაგულების ფიბრილაციასთან საბრძოლველად საქართველოში კრიოაბლაციის ოპერაციები წარმატებით დაინერგა.
გულის რითმის დარღვევები საკმაოდ გავრცელებულია და ბევრ ადამიანს აღენიშნება. მათ შორის, არითმიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა დაავადება, რომელიც ხალხში ცნობილია მოციმციმე არითმიის სახელით. მას სამედიცინო ენაზე წინაგულთა ფიბრილაცია ჰქვია. როგორც ექიმი კარდიოლოგი გიორგი პაპიაშვილი ამბობს, ასაკის მატებასთან ერთად, მისი გავრცელების რისკიც იზრდება.
არითმიების უმეტესობას შეუძლია მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას, ზოგიერთ არითმიას შეუძლია უეცარი სიკვდილიც კი გამოიწვიოს. კონკრეტულად მოციმციმე არითმიას გულის უკმარისობის განვითარების რისკი ახლავს, ასევე, ჯანმრთელ ადამიანთან შედარებით, ინსულტის რისკს 5-ჯერ ზრდის.
აბლაციების გაჩენამდე ამ არითმიის მკურნალობის მეთოდი მხოლოდ მედაკამენტური იყო. თუმცა, გიორგი პაპიაშვილი აღნიშნავს, რომ წამლებს ძალიან მცირე ეფექტი გააჩნიათ, აბლაციამ კი, არითმიების ეფექტიანად მკურნალობის საშუალება გააჩინა.
აბლაციის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. კრიოაბლაცია კი ერთ-ერთი მეთოდია, რომლის დროსაც კრიოთერმული ენერგიის გამოყენება ხდება და მას ყველაზე ხშირად სწორედ მოციმციმე არითმიის სამკურნალოდ მიმართავენ.
„კრიოაბლაციამ იპოვა თავის ნიშა იმ კუთხით, რომ მოციმციმე არითმიის მკურნალობა გახადა უფრო მარტივი სხვა ტიპის აბლაციებთან შედარებით, უფრო უსაფრთხო, ხანმოკლე და გააჩინა საშუალება პაციენტებს ნაკლები რისკის ფასად და მეტი ეფექტურობის მიღწევის ხარჯზე წარმატებით ვუმკურნალოთ,“- აღნიშნავს გიორგი პაპიაშვილი.
დადგენილია, რომ არითმიების ეპიზოდების სიხშირე თითოეული პაციენტის შემთხვევაში ინდივიდუალურია, შესაძლოა, ის პაციენტს თვეში ერთხელ აღენიშნოს, შესაძლოა, კვირაში რამდენჯერმე, შესაძლებელია წელიწადში 2-3-ჯერ. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ დროთა განმავლობაში ეპიზოდების რაოდენობა იზრდება.
„ითვლება, რომ მოციმციმე არითმია ქრონიკული დაავადებაა, ამიტომ მკურნალობით ვცდილობთ შევამციროთ არითმიის ეპიზოდები. ასეთი ეპიზოდები ხშირად მოითხოვს პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანას, კარდიოვერსიის (ე.წ. ელექტროშოკის) განხორციელებას და ბუნებრივია, თუ ასეთი შემთხვევები ხშირია, ეს მნიშვნელოვნად აუარესებს პაციენტების ცხოვრების ხარისხს,“- აღნიშნავს გიორგი პაპიაშვილი.
როგორც გიორგი პაპიაშვილი ამბობს, წამლის ფონზე პრაქტიკულად, 10% ს- არ აღემატება იმის ალბათობა, რომ პაციენტს არითმიის ეპიზოდები გაუქრეს და გათავისუფლდეს დაავადებისგან, მაშინ როცა ერთი აბლაციის შემდეგ 60 – 70%-ს არითმია აღარ აღენიშნება, დარჩენილ 30-40%-ის შემთხვევაში კი, ეპიზოდების რაოდენობა მცირდება. მეორე აბლაციის შემთხვევაში პაროქსიზმული მოციმციმე არითმიისგან 80-90% იკურნება. უნიკალური ოპერაცია ქვეყანაში თითქმის ორი წელია დაინერგა და რეგიონის მასშტაბით მხოლოდ საქართველოში ტარდება.
„როდესაც აბლაციის და მედიკამენტური მკურნალობის ეფექტიანობას შევადარებთ, უკვე ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია აბლაციის განხორციელება, ამიტომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იგებს, რომ არსებობს ასეთი შესაძლებლობა და უფრო მეტს უჩნდება სურვილი ამ პროცედურის ჩატარების,“- აღნიშნავს გიორგი პაპიაშვილი.
კრიოაბლაციის საშუალებით შესაძლებელია: არითმიის დიაგნოსტიკა და მისი მექანიზმის გარკვევა და შემდეგ არითმიის კერის (უჯრედების ჯგუფის, დამატებითი გამტარი გზის) მოშორება და ამ არითმიისგან პაციენტის საბოლოო განკურნება. პროცედურის შესახებ: კრიოაბლაცია მინი ინვაზიური პროცედურაა. ამ პროცედურის დროს ადგილობრივი ანესთეზია ბარძაყის ან ლავიწქვეშა მიდამოში კეთდება და შესაბამის ვენაში რამდენიმე კათეტერი დგება. აღნიშნული კათეტერების მეშვეობით გულში სადიაგნოსტიკო და სააბლაციო ელექტროდები შეჰყავთ. ელექტროდების გადაადგილება პაციენტისთვის უმტკივნეულოა და რენტგენოსკოპიის კონტროლით ხორციელდება. ელექტროდები გულში სათანადო ადგილებში თავსდება. კრიოაბლაციის დროს, სპეციალური კათეტერის საშუალებით ხდება არითმიის კერის დაზიანება (მოყინვა). კრიოაბლაციის ხანგრძლივობა დაახლოებით 1-3 საათია.
კრიოაბლაციის მიმართულებით დღეს საქართველოში 3 წარმატებული ექიმ-კარდიოლოგი მუშაობს: ზვიად მათოშვილი,გიორგი პაპიაშვილი, გიორგი ჩხოლარია.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.janmrteligulit.ge